რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა Вечерняя Москва-ს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით კომენტარი მისცა.
"ჯერ კიდევ პატარა გოგონა ვიყავი, როდესაც მშობლებს მე და ჩემი ძმა რობერტი იალტასა და სევასტოპოლში დასასვენებლად დავყავდით. მახსოვს ის სურნელოვანი ზღვის ჰაერი და ზაფხულის შეგრძნება. იალატა ჩემთვის გემრიელ ნაყინთან და მწიფე ხილთან ასოცირდება. ისინი საქართველოშიც საკმარისი იყო, მაგრამ ზღვაზე დასვენების ფონზე ყველაფერი სამმაგად გემრიელად მეჩვენებოდა. პირველი შემოქმედებითი გამარჯვებაც სწორედ ამ ქალაქში მოვიპოვე 1995 წელს სიმღერის ფესტივალზე "იალტა-მოსკოვი - ტრანზიტი". მას შემდეგ იალტა ჩემთვის ქალაქ თილისმად იქცა", - განაცხადა მომღერალმა.
დიანა ღურწკაიამ ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით რეფერენდუმს ყურადღებით ადევნებდა თვალს.
"ყირიმის რეფერენდუმის შედეგებს მოუთმენლად ველოდებოდი. როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის შემადგნლობაში ყირიმის შესვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ტაში დავუკარი. ვინაიდან ისტორიულმა სამართლიანობამ იზეიმა. ეს კი ყირიმელთა ნებისყოფისა და ვლადიმერ პუტინის შეუპოვრობის წყალობით მოხდა. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი სოჭიდან, სადაც პარაოლიმპიურ თამაშებში ვმონაწილეობდი და მინდა ვთქვა, რომ რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ უცხოელთა დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა. ისინი პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას და ანგარიშს უწევენ მას. ასე იქნება მომავალშიც. ეს ჩვენი პრეზიდენტის დამსახურებაა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი", - განაცხადა მომღერალმა.
შეგახსენებთ, 18 მარტს ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის შემადგენლობაში ყირიმისა და სევასტოპოლის შესვლის თაობაზე. დოკუმენტს რუსეთის პრეზიდენტმა, ყირიმის ხელმძღვანელებმა და სევასტოპოლის მერმა მოაწერეს ხელი. ამ მოვლენას წინ უსწრებდა ფედერალური კრების წინაშე ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა, სადაც მან ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
მომზადებულია vm.ru-ს მიხედვით.